საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას. პალატის მიზანია საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროექტების მეშვეობით პალატა უზრუნველყოფს კერძო სექტორის ინტერესების დაცვასა და განვითარებას.
პალატა განსაკუთრებით აქტიურია საერთაშორისო დონეზე, მას გააჩნია ფართო საერთაშორისო კავშირები და წარმოადგენს პალატების საერთაშორისო ქსელის განუყოფელ ნაწილს. პალატას გაფორმებული აქვს ასზე მეტი მემორანდუმი სხვადასხვა ქვეყნის, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ პალატებსა თუ სხვა სახის ბიზნეს გაერთიანებებთან. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად პალატა წარმოადგენს ადგილობრივი მეწარმეებისთის საზღვარგარეთ ბიზნეს პარტნიორის მოძიების ყველაზე ეფექტურ მექანიზმს, აყალიბებს ბიზნეს წრეებს შორის საქმიან ურთიერთობებს და ხელს უწყობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაში.
კერძო სექტორის ინტერესების შესაბამისი საწევრო პაკეტების მეშვეობით პალატა მეწარმეებს სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს. პალატის წევრებს მუდმივი წვდომა აქვთ მათი ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელ უახლეს ინფორმაციაზე.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ღია დიალოგისა და ადვოკატირების გზით ეხმარება ბიზნეს-სექტორს არსებული პრობლემების გადაჭრასა და სხვადასხვა გამოწვევების დაძლევაში. პალატა წარმოდგენილია ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ყველა მთავრობათაშორისო კომისიასა და სამუშაო ჯგუფებში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ყველა ბიზნეს სუბიექტის, განსაკუთრებით რეგიონული მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერესების დაცვა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას აქვს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო რეგიონული წარმომადგენლობა და უზრუნველყოფს მომსახურებასა და საინფორმაციო მხარდაჭერას ყველა დაინტერესებული მეწარმისთვის.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა - აღმოჩინეთ თქვენი ბიზნესის ახალი შესაძლებლობები.