აგროდაზღვევა

image
პროგრამის მიზანი:

  • სოფლის მეურნეობის სექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება
  • სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა
  • სოფლის მეურნეობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირება

 

 

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

სახელმწიფო პროგრამა, ითვალისწინებს რეგისტრირებულ  მიწის ნაკვეთზე გაშენებული ერთწლიანი ან მრავალწლიანი პროგრამით გათვალისწინებული ყველა კულტურის დაზღვევას სტიქიური მოვლენებისგან, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. ერთწლიანი კულტურის დაზღვევისას, დაზღვევა დაფარავს შესაბამისი კალენდარული წლის მოსავალს, მრავალწლიანი კულტურების დაზღვევის  შემთხვევაში დაზღვეულია არაუმეტეს სამი კალენდარული წლის მოსავალი.

 

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა -მდე მიწის ნაკვეთი,ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 50 ჰა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის). თითოეული დამზღვევი 70% -იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე.

 

აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო პოლისი ითვალისწინებს 4 დღიან „მოცდის პერიოდს“, რაც გულისხმობს, რომ პოლისის გაფორმებიდან 4 დღის განმავლობაში დამდგარი ზარალი ბენეფიციარს არ აუნაზღაურდება.

image
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

  • სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირები
  • საქართველოს მთლიანი ტერიტორია 

image
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • დასაზღვევად მიიღება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები
  • დამზღვევი ან/და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც განთავსებულია დაზღვევის ობიექტი, რეგისტრირებული უნდა იყოს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში
  • პროექტის ფარგლებში იზღვევა მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული ერთწლიანი/მრავალწლიანი კულტურები

image
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

მოსავლის დასაზღვევად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებს და მათ წარუდგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

 

image
პროგრამის განხორციელების ვადები:

მიმდინარე

image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1დაინტერესებული პირი მიმართავს პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიას პროგრამით სარგებლობის მოთხოვნით. ხელშეკრულების გაფორმება ხდება სადაზღვევო კომპანიაში.